"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!" - აღნიშნული მოწოდებით "ქალთა მოძრაობამ" 17 აპრილს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრის წინ აქცია დაგეგმა.
აქციის ორგანიზატორები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და ძალადობისა და დისკრიმინაციას გმობენ.
ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე.
"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!
17 აპრილს, 14:00 -ზე, რუსთაველის თეატრის წინ, გამოვდივართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ!
გამოდი შენც - სისტემური ცვლილებების დროა!
მხარდაჭერას ვუცხადებთ მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, ამ ფაქტზე, შესაბამისი უწყებების მხრიდან, მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება.
მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა, რუსთაველის თეატრის, 1980 წელს დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ მკვეთრად გამოხატული დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ საჯაროდ წაახალისა დისკრიმინაცია და ძალადობა.
პრობლემა არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, პრობლემა არის სისტემური ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან.
კულტურის სფეროს ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული სპეციფიკა აქვს, რაც ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზეც კარგად ჩანს. სავარაუდო მოძალადე, ცნობადობის გამო, საზოგადოებაში აღიარებითა და პატივისცემით სარგებლობს, რაც ერთი მხრივ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს მას და უადვილებს ძალადობრივი ქმედების ჩადენას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული გარემოება დამატებითი ბარიერია მსხვერპლისთვის - ისაუბროს განხორციელებულ ძალადობაზე.
"გილდიას" კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულთა შრომითი პირობების კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 40% -ს ჰქონია შემთხვევა სამუშო ადგილას შევიწროების ან დისკრიმინაციის ხელმძღვანელობის მხრიდან.რესპონდენტთა 53.8 % ასახელებს, რომ ისინი გამხდარან დისკრიმინაციის მსხვერპლნი სამუშაო ადგილას, 28% სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებს.
შესაბამისად, ვითხოვთ :
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე.
ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.
მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.
მოვუწოდებთ, სახალხო დამცველს, Ombudsman-ს, შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება."