100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - პროექტის ფარგლებში გამართული აუქციონით ბოლო ორ კვირაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამოც მილიონზე მეტი ქონება გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე სულ სამასი მილიონის ღირებულების 150-მდე ქონება გამოიტანა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფომ კერძო ბიზნესს აუქციონის გზით ათეულობით ობიექტი გადასცა. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესის ხელშეწყობისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
აუქციონით გაყიდულ ქონებებს შორის არის თბილისში ცნობილი N1 სტომატოლოგიური კლინიკა. გასაყიდად ასევე გამოტანილი იყო ტურისტული, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სფეროს მიკუთვნებული ობიექტები. პროექტი 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და სულ პრივატიზებულია 152 მილიონამდე ლარის ქონება.