19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"წაბილწული და უგვანი იდეოლოგიის მქონე სახალხო დამცველის წარმომადგენლები" - მეუფე სპირიდონის სკანდალური ვიდეომიმართვა

მეუფე სპირიდონის სკანდალური გზავნილები. ამჯერად, საგანგებოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში - სხალთის ეპისკოპოსი რამდენიმე საკთხზე საუბრობს: "ვაქცინაცია - ქვეყნის გენოციდი და საკუთარი ხალხის დაწამვლა," "ლიბერასტები," "გარყვნილი, წაბილწული და უგვანი იდეოლოგიის მქონე სახალხო დამცველის წარმომადგენლები" - ეს მხოლოდ ფრაგმენტებია 8 წუთიანი ვიდეოდან.

სხალთის ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით არ შეუშვა.

მეუფე სპირიდონის განცხადებით, ბავშვებთან არ არის იმ პირთა ადგილი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება ორი დღის წინ გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ მათ რწმუნებულებს მონიტორინგი უნდა განეხორციელებინათ წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, თუმცა მეუფემ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ომბუდსმენი პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტებსა და ბავშვების დასჯის შემთხვევებზე წლებია საუბრობს. კიდევ ერთი თემა, რომელსაც ამავე ვიდეოში მეუფე ეხება, ნამახვანჰესს და ქართული მიწების გაყიდვას ეხება. აქაც ეპისკოპოსის გზავნილები ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსისაა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში არ უშვებენ, "კურიერის" არქივში ინახება მასალა, რომელშიც იგივე პრობლემაზეა საუბარი.ომბუდსმენის მონიტორინგი სამსახურს არ აძლევენ პანსიონში მუშაობის საშუალებას.

"კურიერი" დილიდან ცდილობს საქართველოს საპატრიარქიოსთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით მეუფე სპირიდონის დისკრიმინაციულ განცხადებებთან დაკავშირებით, განმარტება საპატრიარქოში არ გაკეთებულა.

დღის ამბები