ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კარი კვლავ ჩაკეტილია. ამ კედლებს მიღმა ობოლი, უპატრონო და მზრუნველობამოკლებული 57 არასრუწლოვანი ცხოვრობს. მეუფის გადაწყვეტილებით, მათ საზოგადოებასთან კონტაქტი სასტიკად ეკრძალებათ.
თხოვნის ან მიმართვის მიუხედავად, იქ შესვლა კატეგორიულად ეკრძალება მედიას, სოცილურ სამსახურს, ასევე სახალხო დამცველის აპარატსაც. ამიტომ, შეუძლებელია გარკვევა, რა მდგომარეობაში და პირობებში ცხოვრობენ არასრულწლოვნები.
ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობით, სადაც ყველაზე პატარა არასრუწლოვანი 5 წლის არის, "კურიერი" მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სახალხო დამცველის აპარატმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. წერილის მიხედვით, მათ რწმუნებულებს პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.
აპარატის ინფორმაციით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც 2020 წლის ივნისიდან პანსიონში ვერ შედის.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და დასჯის შემთხვევები გამოავლინა.
დახურულ ზონად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა გამოცხადა.
ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება, რის გამოც უცნობია რა ინფორმაცია აქვთ უწყების სოციალურ მუშაკებს.
ავტორი: მაია იველაშვილი