16 აპრილს კოჯრის ბავშვთა სახლში არსებული ვითარების შესახებ “კურიერის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ეხმაურება.
გადაცემაში გაჟღერებული ექსკლუზიური ინფორმაციის შემდეგ ბავშვთა სახლში დროებითი მმართველი დაინიშნა. ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი.
სააგენტოს ცნობით, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე მაშინვე მოახდინეს რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელეს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განმარტება გავაკეთოთ კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერად გამოეხმაურა, მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა.
საქმის შესწავლა დაიწყო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა, ჩაერთო სოციალური მუშაკი, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.
ამავდროულად, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებში დასახელებული, კონკრეტული თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელი პირი და დარაჯი დროებით გაერიდებინათ სამუშაო პროცესს.
სააგენტოს მხრიდან, ყოველდღიურად ხორციელდება ქმედითი ნაბიჯები დაწესებულების სრულყოფილი, ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. კოჯრის ბავშვთა სახლში დაინიშნა დროებითი მმართველი, ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მიწოდებაში არ მოხდეს შეფერხება და ამავდროულად ადგილზე აღმოიფხვრას პრობლემები. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან“, – აღნიშნულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებაში.
ნახეთ დეტალები - "კურიერის" ექსკლუზივი: გაუპატიურება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ფსიქოლოგიური ზეწოლა - კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ.