ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაპირისპირებაა. მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და სასულიერო პირები ე.წ ამბოხებულებს დაუპირისპირდნენ.
სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სასულიერო პირების ნაწილმა მეორე ნაწილს ეკლესია დაატოვებინა.
ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
დაპირისპირება გაგრძელდა ეზოშიც. ერთმანეთს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდა. დაპირისპირება დაიწყო მაშინ როდესაც ადგილზე გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებიც აცხადებდნენ რომ ადგილზე მიტროპოლიტ სტეფანეს დავალებით იყვნენ მისული. ტაძარში მყოფი სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ ადგილზე მისული მრევლი მათ ეპარქიას არ ეკუთვნოდა და ისინი სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები.
ადგილზე იმყოფებოდა საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც, რომელმაც მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ჭყონდიდი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და აქ დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია. მისი თქმით, ყველა მხარე პატრიარქის კურთხევას უნდა დაემორჩილოს და მის მიერ დანიშნულ წინამძღვარს დაუჭიროს მხარი.