19 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
კოჯრის ბავშვთა სახლის ამბავი, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაახმაურა - ძალადობის ფაქტებს რამდენიმე უწყება იკვლევს

კოჯრის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, რომლებსაც სპეციალური საჭიროებების მქონე არასრულწლოვნები ძალადობაში ამხელდნენ, შეიცვალნენ. უკვე ყოფილი ხელმძღვანელისგან განსხვავებით ახალმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

დარაჯი, რომელიც ერთი კვირის წინ ბავშვების ბრალდებებს უარყოფდა, გათავისუფლებულია.

დარაჯი ერთ-ერთი იყო, ვისაც კოჯრის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები "კურიერთან" ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, ძალადობის მსხვერპლი ეტლს მიჯაჭვული ბავშვებიც იყვნენ. მძიმე ისტორიის მთავარი გმირი "კურიერს" უყვებოდა იმასაც, თუ რატომ სცადა თვითმკვლელობა.

რეპორტაჟის ეთერში გასვლისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების დასრულებამდე თავშესაფარს დროებით ჩამოაშორეს რამდნიმე თანამშრომელი.

ახლა კოჯრის ბავშვთა სახლი გარეშე პირებისთვის ისეთი დახურულია, როგორც არასდროს. კარს ბოქლომი ადევს. შენობიდან კი ეზოშიც კი არავინ გამოდის. ბავშვთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კურიერის გადამღები ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა სახლის თანამშრომლებიდან კამერასთან გამოჩენა, ან ჟურნალისტთან გასაუბრება არავინ ისურვა. 

"რუსთავი 2- ის" ეთერში გასული ექსკლუზიური რეპორტაჟის შემდეგ პროცესში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, სოციალური სამსახური, სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო. სხვადასხვა უწყება ახლა მტკიცებულებებს აგროვებენ, რომლითაც ბავშვების ბრალდებები უნდა დადასტურდეს, ან გაქარწყლდეს.

დღის ამბები