19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ჩხუბი და დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში - ე.წ ამბოხებულებმა სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარი ორი კვირით დაკეტეს

დღეს სალხინოს მამათა მონასტერში ვითარება ისე დაიძაბა, რომ სასულიერო პირები და მრევლი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ორი სასულიერო პირი ერთი ამბიონიდან წირვის ჩატარებას ერთდროულად ითხოვდა და პოზიციების დათმობა არცერთს არ სურდა.

ვითარების განმუხტვა თბილისიდან ჩასულმა მრევლმა სცადა, მათ შორის იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ლაშა პაპაშვილს მამა დანიელი ფიზიკურად შეეხო რის შემდეგაც დაპირისპირება ამბიონიდან ეკლესიაში გაგრძელდა. ვითარების მხოლოდ დროებით განმუხტვა პოლიციამ შეძლო.

სანამ ეკლესიაში ხელჩართული ჩხუბი დაიწყებოდა, სასულიერო პირები ერთმანეთს ამბიონზე, მრევლი კი ტაძარში დაუპირისპირდა. ეკლესიიდან ხმაურმა სალხინოს ეზოში გადმოინაცვლა და კიდევ ერთი დაპირისპირება ე.წ. ამბოხებულებს და ადგილზე მისულ მრევლს შორის დაიწყო.

ე.წ. ამბოხებულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ისინი მთელი დღის განმავლობაში ხალხს ეკლესიაში მოსასვლელად და აქციის გასამართად აგროვებდნენ. დღის 5 საათისთვის კი სალხინოს ეზოში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მივლენილი სასულიერო პირების გარდა ადგილობრივებიც შეიკრიბნენ.

დღის ბოლოს ვითარების განსამუხტად ამბოხებულებმა ტაძარი ორი კვირით დაკეტეს. ჭყონდიდის ეპარქიაში განვითრებული პროცესები საქართველოს საპატრიარქომაც შეაფასა და განცხადა რომ ჭყონდიდის ყოფილი მღვდელმთავართან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

დიდი დაპირისპირების მიუხედავად, ვითარების განსამუხტად ადგილზე არ გამოჩენილა და ამბოხებულებს არ შეხვედრია მიტროპოლიტი სტეფანე.

ამავე თემაზე
დღის ამბები