19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ვაკეში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ვაკეში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას კახა კალაძე დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტები სპორტის სფეროში ნიჭიერი ახალგაზრდების  მხარდაჭერისკენ  მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.  

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაც. ანალოგიური პროექტები ჩვენ სამგორის, ვარკეთილის და გლდანის რაიონებშიც განვახორციელეთ და ამით არ შემოვიფარგლებით. მომდევნო ორი პროექტი უნდა განხორციელდეს დიდ დიღომში და ნუცუბიძეზე. პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს და ეს ინფრასტრუქტურა მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი სწორად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ," - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადმოეცა. გადმოცემის პროცესს მხარს უჭერდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

დღის ამბები