"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.
კომპანიის ცნობით, დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები. კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
"შპს "ჯორჯიან მანგანეზი"" 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას.
"ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს: მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას; ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით; ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში შეადგენს 3 250 ლარს.
ასევე, მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას.
ამ პირობებით, შპს "ჯორჯიან მანგანეზი" და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან, დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა პირველი მაისიდან.
პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში კომპანია მოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის და დასაქმებულთა წინაშე. სურს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არ შეჩერდეს საწარმოო პროცესი. რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს შეთავაზება დღევანდელ პირობებში, კომპანიის მხრიდან იყო მაქსიმუმი," - ნათქვამია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში.