19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ჩალურჯებები ბაღის აღსაზრდელის სახეზე - რა ჩანს კადრებში, რომელიც საბავშვო ბაღის კამერებმა დააფიქსირა

ბაღში, სადაც ბავშვზე, სავარაუდოდ, აღმზრდელმა იძალადა, 70-მდე სათვალთვალო კამერაა. სწორედ ერთ-ერთი მათგანის ჩანაწერით ცდილობს ახლა აღსაზრდელის მშობელი, დაამტკიცოს, რომ ბაღში მის შვილზე ფიზიკურად იძალადეს.

ბავშვის დედამ "კურიერის" რედაქციაში დარეკა და გვითხრა, რომ სავარაუდო ძალადობის კვალი მცირეწლოვან შვილს ბაღიდან გაყვანისას, სააღმზრდელო დაწესებულებაშივე შენიშნა, ადმინისტრაციას მიმართა და ვიდეოჩანაწერების ამოღება მოითხოვა.

მშობლის პრეტენზიას, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეო დაუმალეს, გამორიცხავს ბაღის დირექტორი. ადმინისტრაცია ბავშვის ცემის ფაქტსაც უარყოფს, მაგრამ ადასტურებს, რომ ჩანაწერებში მცირეწლოვანზე უხეში შეხება ნამდვილად ფიქსირდება.

შემთხვევა სააღმზრდელო დაწესებულებაში პარასკევს მოხდა, ბაღის დირექტორმა კი სავარაუდო ძალადობაში მხილებული აღმზრდელი მხოლოდ დღეს გაათავისუფლა. ამ დრომდე მომხდარის შესახებ არ არის ინფორმირებული სოციალური სამსახური. ბავშვთა უფლებადამცველები ფაქტზე არაადეკვატურ რეაგირებაზე საუბრობენ.

მცირეწლოვანზე სავარაუდო ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო. უწყებას სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს. გამოკითხული ჰყავს როგორც მშობელი, ასევე ბაღის თანამშრომლები. დაზიანებების დასადგენად დღეს აღსაზრდელს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. უკვე სამსახურის გარეშე დარჩენილ აღმზრდელს კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები