შემცირდება თუ არა პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი - ამასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" კითხვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა.
კობა გვენეტაძის ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთი უკვე საგრძნობლად შემცირებულია და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა მაქსიმუმი გააკეთა.
"როდესაც მე დავიწყე მუშაობა ეროვნულ ბანკში, საპროცენტო განაკვეთი პენსიონერების სესხებზე 120-დან 200%-მდე იყო. დღეს ჩვენ 31%-ზე ვლაპარაკობთ, ანუ, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ამის განხილვა იყო პარლამენტში და სხვადასხვა ღონისძიებებია გასაკეთებელი, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ თუ შევადარებთ პენსიონერების სესხებს არაპენსიონერების სესხებთან, ეს პროცენტი დაახლოებით ერთი და იგივეა. ამიტომ, ეს არ ნიშნავს რომ ისინი დისკრიმინაციულ სიტუაციაში არიან.
არა უზრუნველყოფილი სესხები დაახლოებით იგივე პროცენტით გაიცემა, მას ემატება ის რისკი, რომელიც გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და რომელსაც ბანკი, როგორც კომერციული ორგანიზაცია, აზღვევს.
მე არ ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს მაქსიმუმია. ეს საპროცენტო განაკვეთიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული - როგორი რისკია, ზოგადად ქვეყანაში, ეკონომიკური ზრდა როგორია და ა.შ,"-განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.