ყოველდღიურად გაზრდილი ინფიცირებულთა რაოდენობა მესამე ტალღის რისკებს ქმნის. კრიტიკულ შედეგს - რაც გარდაცვლილთა რაოდენობის მატებას და პაციენტებით კლინიკური სექტორის გადატვირთვას გულისხმობს, პირბადის გამოყენება და მასობრივი ვაქცინაცია აგვაცილებს. იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელოვან როლზე სპეციალისტები კიდევ ერთხელ საუბრობენ და ვაქცინაციას ინფექციის დამარცხების და შეზღუდვების ეფექტურად მართვისთვის მთავარ პირობად მიიჩნევენ.
თავისუფალი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლამდე გზა საქართველოში მოსახლეობის ნებაზე გადის. მედიკოსები ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას გამართლებულად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ეს წამახალისებელი იქნება.
"ვინც იქნებიან ვაქცინირებულები, ალბათ, უნდა მოეხსნათ გადაადგილების შეზღუდვა. რესტორნების ქსელი - რაღაცა ადგილები იქნება, თუნდაც კინოთეატრებში შესაძლებელია შეუშვან ვაქცინირებული პირები, ჰქონდეთ უპირატესობა და მე მივესალმები," - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.
მოტივაციის მექანიზმებზე საუბარს არ ჩქარობენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. წამახალისებელი ფაქტორები კი, ეთიკურად გამართლებული უნდა იყოს და დისკრიმინაციის გამომწვევი არ უნდა გახდეს.
ინფექციის გავრცელების რისკის კონტროლისთვის იმუნიზაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ვაქცინაცია, ჯერჯერობით, 44 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 2%-ია. ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია კორონავირუსის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელსაც.
საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ამ დროისთვის "სინოფარმის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაა. 30 აპრილს ქვეყანა დამატებით 43 000 "ასტრაზენეკას" და 100 ათას დოზა "სინოვაკს" მიიღებს, ასევე მესამე კვარტალში 1 მილიონი დოზა "ფაიზერი" და "ნოვოვაქსის" ვაქცინა შემოვა.