13 მაისი 2024,   17:46
ვრცლად
"საფლავებს გვამებით ვავსებ" - ევროპის ნომერმა პირველმა ძებნილმა მაფიის ბოსმა, სავარაუდოდ, სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

კრიმინალური ბანდის "კოზა ნოსტრას" "ნათლიმამა", მატეო მესინა დენარო არამხოლოდ იტალიისთვის, არამედ ევროპისთვის ნომერი პირველი ძებნილია. მას ეძებენ ნარკოტიკით ვაჭრობის, გამოძალვის და, რაც მთავარია, თავდასხმების სასტიკი სერიის გამო 1993 წელს, რომელმაც იტალია შეძრა. დენარო ქვეყნიდან თითქმის 30 წლის წინ გაიქცა და მას შემდეგ სამართალდამცველებმა მის კვალს ვერ მიაგნეს. 

როგორც გერმანული "დოიჩე ველე" წერს, დენარო მაფიის ცნობილი წევრების ოჯახში დაიბადა, სიცილიის პროვინცია ტრაპანიში. ახალგაზრდობაში ის მაფიისთვის, ძირითადად, დანაშაულების მთავარი შემსრულებელი იყო და ხშირად ტრაბახობდა, რომ შეეძლო მთელი საფლავი ამოევსო გვამებით.

საბოლოოდ დენარო მაფიის ბოსი გახდა, რომელიც სხვა ბოსებისგან დიდად განსხვავდებოდა. როგორც იტალიელმა პროკურორმა ტერეზა პრინციპატომ გამოცემას The Globe and Mail განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ "კლასიკური მაფიოზივით ეცხოვრა იტალიაში და მიერთმია რიკოტას ყველი და ვაშლი", დენარო ცნობილი მექალთანე იყო, რომელსაც მოგზაურობა უყვარდა და საკუთარი სიმდიდრის წარმოჩენა, რაც კონსერვატორი სიცილიური დაჯგუფებების ღირებულებების საწინააღმდეგო იყო. 

ასეთი ცხოვრების წესის მიუხედავად, დენარო ძალიან ჭკვიანად მოქმედებდა, რომელიც ვერცერთხელ ჩაიგდო ხელში პოლიციამ. 

მაფიის ბოსის დანაშაულების სია ძალიან გრძელია, მათ შორის ბომბის აფეთქებით უფიცის გალერეაში, მასთან დაპირისპირებული მაფიის წევრის 11 წლის შვილის მკვლელობა... საერთო ჯამში, დენაროს 50-ზე მეტი მკვლელობისთვის ეძებენ. 

"გარდიანის" ინფორმაცით, დენარო 1993 წლის შემდეგ იმალება. მან საკუთარი კვალი არსად დატოვა, რაც პოლიციისთვის, შესაძლოა, ხელჩასაჭიდი ყოფილიყო. ის არ ხმარობს კომპიუტერებს, ან მობილურ ტელეფონებს, თანამოაზრეებს ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილ კოდირებულ გზავნილებს უტოვებს. მისი თანამოაზრეებისა და ოჯახის წევრების დიდი ნაწილი დაიჭირეს. 

არსებობს მოსაზრება, რომ მაფიის ბოსმა სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ახლა ჩვეული წესით ცხოვრობს მდიდრულ აპარტამენტებში.

დღის ამბები