"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს ვადამდელ არჩევნებს მომავალი წლის გაზაფხულზე, რისი მეშვეობითაც შეიცვლება აღმასრულებელი ხელისუფლება.
როგორც მელიამ აღნიშნა, უახლოეს დღეებში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე მერობის კანდიდატებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
"ვინ იქნება, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით, ეს ძალიან მალე, მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაწყდება და ყველა პარტია მიიღებს თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია იქნება ძალიან მართალ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ერთად. როგორც გლდანში ვიყავი დარწმუნებული, სადაც კენჭს ვიყრიდი, რომ გავიმარჯვებდი და გავიმარჯვე, ასე იქნება ახლაც. სასურველს რეალობად არ ვასაღებდი, მქონდა ემპირიული ინფორმაცია, გამოცდილება მიღებული, ვიცოდი, რომ თუკი ოპოზიცია იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება იქნებოდა გარდაუვალი და ასეც იყო. იგივე განცდა, იგივე ინფორმაცია, იგივე პრაქტიკული ცოდნა მაქვს და ვიცი, რა არის გასაკეთებელი. ეს იცის ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.
"ქართული ოცნება" დამარცხდება. 43% არის მიუღწეველი "ქართული ოცნებისთვის", თუ ოპოზიციამ არ დაიძინა, ოპოზიციამ უარი არ თქვა ბრძოლაზე, შეუძლებელია მიიღოს. მერწმუნეთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას. პირიქით, გამარჯვებას აპირებს. მისი ჯანსაღი ნაწილი იქნება იმ ბრძოლაში, რომელიც დასრულდება სხვებთან ერთად, ქართველ მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებით," - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, ვინც ითავებს ლიდერობას და ბრძოლის ავანგარდში ჩადგება.
"მე ვიქნები იმ ბრძოლაში, რომელიც შედეგს მოუტანს ამ ქვეყანას! ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, უახლოეს დღეებში კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება და ბრძოლა დაიწყება. ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთვება - ჩაერთვება, ვინც არა, ამ არჩევნებს გამოტოვებს. ვიწროპარტიული ინტერესებიდან ყველა უნდა გამოვიდეს. ვინც ვერ გამოვა ვიწროპარტიული ინტერესებიდან ის პარტია ძალიან მძიმე შედეგებს მოიმკის საკუთარი თავისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პარტია ძალიან ცოტა იქნება.
ქართველ ხალხს ნამდვილად არ აინტერესებს ოპოზიციურ ველზე ვინ ვის ექიშპება, ვინ ვის მიმართ რა კომენტარს აკეთებს, ვინ ვის საქმიანობას და ქმედებას აფასებს. ის აინტერესებს, რას ვთავაზობთ და რა ბრძოლაში შევდივართ. გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, ვინც ითავებს ლიდერობას და ბრძოლის ავანგარდში ჩადგება. 3 ადამიანი, რომ ჩადგეს და 17 სახლში წავიდეს, ეს 3 ადამიანი მოიგებს საქართველოს მოსახლეობასთან ერთად. ის 17 დაიხურავს ქუდს და წავა სახლში," - განაცხადა ნიკა მელიამ.