ვინ ჩაატარებს ოქტომბრის არჩევნებს - ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებს დოკუმენტების წარსადგენად დრო ხვალამდე აქვთ.
ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე არც ერთი სახელი და გვარი ცნობილი არ არის. სავარაუდო კანდიდატები მას შემდეგ გაირკვევა, რაც პრეზიდენტთან არსებული კომისია მსჯელობას დაიწყებს - კომისია შეარჩევს მაქსიმუმ სამ კანდიდატს, მათთან ორ ფავორიტს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წარუდგენს, რის შემდეგაც აქტიური პოლიტიკური პროცესი იწყება.
იმისათვის, რომ თამარ ჟვანიას შემცვლელი სრული ვადით დაამტკიცონ, საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ცესკოს ხელმძღვანელს დამოუკიდებლად ვერ აარჩევს და მას ოპოზიციის მხარდაჭერაც დასჭირდება.
შეძლებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები ცესკოს ახალ თავმჯდომარეზე შეთანხმებას ისე, როგორც თუნდაც საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში - სწორედ ეს რეფორმა დაასახელა ცესკოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ წასვლის მთავარ მიზეზად.