მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ აუცილებლად მოხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, ვინც გუშინ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში იყო ჩართული.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სწორი სამართლებრივი რეაგირება უნდა გაკეთდეს.
"პირველ რიგში, სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, მათ შორის ეს გულისხმობს სწორ სამართლებრივ რეაგირებას, მათ შორის სისხლის სამართლებრივ საქმეებზე გამოძიების წარმართავს და შესაბამისად ჭეშმარიტების დადგენას ყველა ამ საქმეზე. იყო მყისიერი რეაგირება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ გუშინვე კონკრეტულად დაკავებული პირები. გამოძიება უნდა გაგრძელდეს, სრულფასოვნად უნდა წარიმართოს ეს გამოძიება. გვმართებს სწორი შეფასებების გაკეთება ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ,“ - მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ამბობს, რომ პოლიციამ გუშინ ყველაფერი გააკეთა წესრიგის მაქსიმალურად დასაცავად.
"პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული ყოფილიყო. თუ იქ ადგილი ჰქონდა კონკრეტულ გადაცდომას, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა დადგება. მაგრამ, რეალურად ფაქტი იმისა, რომ მოხდა ასეთი ძალადობრივი ქმედება, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი და მინდა გითხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ თუ როგორ, არის წარმოუდგენელი და შესაბამისად, თითოეული ადამიანი, ვინც ძალადობრივი ღონისძიება განახორციელა, მან პასუხი უნდა აგოს,“ - აცხადებს გივი მიქანაძე.