16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობასა და წევრობაზე 12 განაცხადია შესული - ვინ იქნება თამარ ჟვანიას ადგილმონაცვლე

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის განაცხადების მიღება ვადა ამოწურულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბოლო მონაცემებით შესულია 12 წინადადება, მათ შორის 4 თავმჯდომარისა და 8 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე. მომდევნო 2 დღის განმავლობაში სპეციალური კომისია კანდიდატურებს შეისწავლის და პრეზიდენტს წარუდგენს. სალომე ზურაბიშვილი კი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პარლამენტს მიმართავს. თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია იმედა კლდიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე ადრეც უმუშავია და ახლა სურს პასუხისმგებლობა სრულად აიღოს.

წევრობაზე განაცხადი შეიტანა ცესკოს ყოფილმა თანამშრომელმა აკაკი ხუსკივაძემაც, რომელიც  არჩევნების შემდეგ დაკავებული იყო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე.

აკაკი ხუსკივაძე მიიჩნევს რომ არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში  მისი გამოცდილება და უნარები მნიშვნელოვანი  იქნება, როგორც კომისიის წევრის.

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება საკანონმდებლო ორგანოშიც.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, გატარებული საარჩევნო რეფორმა იქნება იმის გარანტი, რომ ცესკოს თავმჯდომარემ ძალიანაც რომ მოინდომოს ვერაფერს ვერ აურევს საარჩევნო სისტემაში.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძის თქმით, ცესკოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ 3 კრიტერიუმს, ესაა პრინციპულობა, კეთილსინდისიერება და შეუძლია პრინციპებისთვის ბრძოლა.

"ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ობიექტურად ჩატარდება კონკურსიც.

დღის ამბები