19 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
ინდოეთში ათასობით ადამიანი კოვიდვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს

საშიში და სწრაფად გავრცელებადი - ასე ახასიათებენ "დელტა" ვარიანტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც ვარაუდობენ, რომ მსოფლიო შემოდგომით მორიგი ტალღის პირისპირ აღმოჩნდება. B.1.617.2 უკვე პლანეტის 95 ქვეყანაშია გავრცელებული, ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო რთული ვითარებაა ინდოეთსა და ინდონეზიაში. ქვეყნები კვლავ სამედიცინო რესურსის დანაკლისს განიცდიან. გახშირდა სამედიცინო თაღლითობის შემთხვევები. მხოლოდ ინდოეთში ათასობით ადამიანი, კოვიდვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით აცრეს. ვაქცინის მარაგის დეფიციტის გამო კი ინდონეზიამ ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოაცხადა.

იმუნიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ისრაელშიც, სადაც მთვარობა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ისრაელში ფიქრობენ, რომ "დელტა" ვარიანტით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდას, შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრება მოყვეს.

კორონავირუსის მეოთხე ტალღას მოსალოდნელზე უფრო ადრე ელოდებიან საფრანგეთში. ქვეყანაში "დელტა" შტამის შემთხვევები თითქმის ყოველკვირეულად ორმაგდება და უკვე ვირუსის გავრცელების 30% -ს შეადგენს, მაშინ როდესაც ივნისის ბოლოს ეს რიცხვი 10%-ს შეადგენდა.

ინფექციის შემთხვევები მზარდია რუსეთშიც, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 669 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დღიური მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანას ინფექციით ამ დრომდე 140 ათასამდე გარდაცვლილი ჰყავს.

დღის ამბები