საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს ანარ ქარიმოვს სამინისტროში უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ შემოქმედებითი ინდუსტრიების, ასევე კინოს მიმართულებით და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რათა ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს დაცული.
"შეხვედრაზე მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება „წითელ ხიდთან“ დაკავშირებით. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ ერთობლივად იზრუნოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებაზე, რათა შესაბამისად განხორციელდეს მისი კონსერვაცია-რესტავრაცია. „წითელი ხიდი რომელსაც ერთად აღვადგენთ, გახდება ორი ქვეყნის სიამაყის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება ორმა მეგობარმა ქვეყანამ ერთობლივი ძალებით აღადგინოს ის ხიდი, რომელსაც აზერბაიჯანულ ენაზე „ჩატეხილი ხიდი“ ჰქვია. ჩვენ ამ ხიდს მეგობრობით და პროფესიონალიზმით აღვადგენთ.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) საქართველო და აზერბაიჯანი გააგრძელებს ერთმანეთის მხარდაჭერას და კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ერთმანეთის ინტერესების კვლავაც აქტიურად დაცვას.
თავის მხრივ, ანარ ქარიმოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მოწვევისათვის და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან სხვადასხვა კულტურული პროექტის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ანარ ქარიმოვის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.