ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უსმენს. სია ცნობილია. მათთან ერთად, კომისიამ უნდა შეარჩიოს ცესკოს 2 წევრი. ერთ-ერთი კანდიდატი იქნება ანა მიქელაძე, რომელიც ცესკოს ყოფილი პრესსპიკერია.
როგორც კომისიის წევრებმა დღეს განაცხადეს, პარტიული კუთვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გამოირიცხოს. ამის საპასუხოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვილი პაჭკორიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებში მიუკერძოებელი იქნება.
"ვარ პირადად მე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ვარ ჩემს გადაწყვეტილებებში. 2021-ში ხმა მივეცით ცვლილებას. მე არ უარვყოფ ამას, მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ქვეყნის კურსი შეიცვლებოდა და პირიქით, გაძლიერდებოდა. 2013 შევწირე იგი(თანხა). ეს ნაბიჯი გადავდგი იმისათვის, რომ მაშინ მინდოდა სწორედ ქვეყნის განვითარება და მინდოდა უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვილი პაჭკორიამ.
კიდევ ერთი კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის შეფასებით, პარტიული კუთვნილება გადამწყვეტი არ უნდა იყოს.
"მთავარია, ადამიანი იყოს სამართლიანი და პარტიული კუთვნილება აქ დიდ მნიშვნელობას არ უნდა წყვეტდეს, თუნდაც მე ვიყო "გირჩი - მეტი თავისუფლების" მხარდამჭერი, ან წევრი. პირადად მე, რაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჩავეხსნები პარტიულ საქმიანობას და მთელ ჩემს ყურადღებას და ენთუზიაზმს მოვახმარ ამ საქმეს," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი არაუგვიანეს 3 დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, წარუდგინოს შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს. თითო ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.
სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება 1-ელ ივლისს გამოსცა.
თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა პირველ ივლისს დატოვა.