პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია. მამუკა მდინარაძე გუშინდელი ფაქტების ორგანიზატორებს კითხვით მიმართავს - მსგავსი ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტად ხომ არ უწყობს ხელს ეროვნული ინტერესებისა და სხვა ღირებულებების დისკრედიტაციას.
"გაბედვა იმისა, ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, იმის გაბედვაც, რომ თავისი შეხედულებების გამოხატვა დაუკავშიროს ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და ა.შ. ანუ, მსგავსი მოქმედებები, არის ყოვლად წარმოუდგენელი. ესეც შეიძლება რბილი ნათქვამი იყოს. ერთი კითხვა მაქვს მე, თითოეულ მათგანთან და იმის ორგანიზატორებთან, ამ ყველაფრის ორგანიზატორებთან - თუკი მათ, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს, მიაჩნიათ რომ ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდენტობა, ეკლესია და ა.შ. უნდა დაიცვან, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს დისკრედიტაციას ამ ყველაფრის, ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ეს ვიღაცები არიან ისინი, მათ შორის, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც, ალბათ, ამას ინატრებდნენ და ამას ისურვებდნენ, რომ მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერ ძალადობის ფაქტი გამოავლინოს და უმკაცრესად დასაჯოს.
"ვინც კანონს არღვევს, უპირისპირდება ჟურნალისტებს და პოლიციას, ეს მხოლოდ და მხოლოდ ასხამს ჩვენი მტრის წისქვილზე წყალს. პოლიცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას, რომ აღკვეთოს ერთის მხრივ დაპირისპირება და მეორეს მხრივ ნებისმიერ ძალადობის ფაქტი გამოავლინოს და უმკაცრესად დასაჯოს,“ - აცხადებს გიორგი ამილახვარი.