პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა. დღეს დეპუტატებმა ეკა ზარნაძეს მოუსმინეს.
მან დეპუტატების შეკითხვას, არსებობს თუ არა სასამართლო სისტემაში, პრივილეგირებული და გავლენის მქონე პირები უპასუხა, რომ შესაძლოა, თითოეულ მოსამართლეს, მეტი ავტორიტეტი ჰქონდეს საზოგადოებასა და თავიანთ კოლეგებში, ზოგ მათგანს კი პირიქით.
თუმცა, მოსამართლეობის კანდიდატმა ამ საკითხზე თავისი პოზიციაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მოსამართლეები თანასწორები უნდა იყვნენ.
მოსამართლეობის კანდიდატთან კითხვები მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ.
მაგალითად, არიან თუ არა სასამართლოში ისეთი პირები ან დაჯგუფებები, რომლებიც პოლიტიკურ მორჩილებას განასახიერებენ, ან ხომ არ არიან პირები, რომლებიც პრინციპულობას განასახიერებენ?
ეკა ზარნაძეს ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია და ეს იმით ახსნა, რომ ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ამ კუთხით შეფასებას არ გააკეთებს.
თუმცა, ის კი აღნიშნა, რომ მოსამართლის ინდივიდუალურ დამოკიდებულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს მის პიროვნულ თვისებასთან არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ, პროცესს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ კანდიდატს დეპუტატები კითხვას უსვამდნენ, ოპოზიციის ნაწილი საერთოდ არ დასწრებია.