16 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ძალადობა გაუგონარი ფაქტია, ცხოვრება გრძელდება, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის კომისრის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, განაცხადა, რომ მან არასასიამოვნო და ძალადობრივი ფაქტები საჯაროდ დაგმო. 

პრემიერის განმარტებით, ის ძალადობა, რაც დედაქალაქში ხდებოდა, არც ეკლესიის, არც მთავრობის და არც საზოგადოების ინტერესებში არ შედის. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა შეუქცევადია. 

"არასასიამოვნო და ძალადობრივი ფაქტები მე საჯაროდ დავგმე. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა, მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს გაუგონარი ფაქტია და არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის და არც ჩვენი საზოგადოების ინტერესებში. მხოლოდ ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის, ან დესტრუქციულად განწყობილი ოპოზიციის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ, პოლიციამ ადამიანების დაკავება უკვე დაიწყო. 

ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეუქცევადია. ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი ქვეყნისათვის ზიანის მიყენებას შეეცდებიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროვოკაციებს დავძლევთ.

ჩვენ ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ერი ვართ, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება სწორი არ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქართველი ხალხის ხელწერაა. მსგავსი რამ, ყველა ქვეყანაში ხდება. 

ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს, ჩვენ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ. თუმცა, ამავე დროს, ვინაიდან ჩვენი საერთო ტრადიციები გავითვალისწინეთ, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია მოვახდინეთ, მაგრამ, დღეს, ჩვენს ქვეყანაში არ ხდება განსხვავებული აზრის დისკრიმინაცია. ყველა ადამიანი, კანონის მიერ არის დაცული. ცხოვრება გრძელდება, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ეს ასე იქნება მუდმივად,"- განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.

დღის ამბები