პარტიის "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი გირგი გახარია ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"კატეგორიულად არ ვიზიარებ, რომ ეს პატრიარქის პასუხისმგებლობაა, შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით რაიმე პოზიტიური შედეგის მიღწევა - ყველაზე უკეთ ეს ესმის ქართულ ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს," - ეს განცხადება გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ ზუგდიდში გააკეთა.
"ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა, რომ ქართული ეკლესია პრაიდის წინააღმდეგი არ იქნებოდა - ამ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება ყოველთვის პრაიდის წინააღმდეგი, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და ესეც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ქართული ეკლესია ვნახეთ პირველ რიგში რითი დაზიანდა - აი ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში დაზიანდა ქართული ეკლესია, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, ქართული პოლიცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია.
"ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია, ისევე, როგორც ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც პრაიდის ასეთი ფორმით ჩატარება მიუღებელია და რომელთა გამოხატვის თავისუფლებაც ასევე უნდა იყოს დაცული - ესაა დემოკრატია, დემოკრატია ასე მუშაობს. ჩვენ კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ; და უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას და ეს არის სახელმწიფოს ძირითადი პოზიტიური ფუნქცია და არა ის, რომ გაგვაფრთხილოს, წავიდეს მერე და ბუჩქებში დაიმალოს," - განაცხადა პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ.