16 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კონკურსი შესაძლოა ხელახლა გამოცხადდეს - რა მიზეზებს ასახელებენ კომისიის წევრები

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში დარჩენილია 10 პირი. თუმცა, თუ დღევანდელი გასაუბრება ისე დასრულდა, რომ გამოცხადებული სამი ვაკანსიიდან, კომისიამ პრეზიდენტს თითოეულ ვაკანსიაზე სამი კანდიდატურა არ წარუდგინა, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

ცესკოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი ლელა ტალიური მისი კანდიდატურის უპირატესობას იმაში ხედავს, რომ ის არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდში არცერთ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული არ ყოფილა. ტალიურს ჰკითხეს, რა არ მოწონდა ცესკოს მუშაობაში და როგორ იმოქმედებდა ის, 2020 წლის არჩევნების დროს ცესკოს კომისიის წევრი რომ ყოფილიყო.

"რაც არ მომეწონა ის იყო, როდესაც საჩივრები წამოვიდა ცესკოში, რომელიც საოლქო კომისიებში შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ საჩივრებს ეხებოდა, ფაქტობრივად, პროცესი რომელიც ჩვენ ცესკოში ვიხილეთ არ იყო ის პროცესი, რომელიც იქ უნდა გამართულიყო. მე, რომ წევრი ვყოფილიყავი, ვიტყოდი მაინც, ხალხო მოვუსმინოთ ამ ადამიანებს. საჩივრები განვიხილოთ,"- აღნიშნა გასაუბრებაზე ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელმა ლელა ტალიურმა.

კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი წევრის წარდგენა პრეზიდენტისთვის ვერ შეძლონ, რადგან არსებობს გარკვეული კითხვები, განსაკუთრებით თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ნაწილობრივ პარტიულ, მეტწილად კი კომპეტენციასთან დაკავშირებით.

თითქმის 10 საათის განმავლობაში უსმენდა კომისია გუშინ 15 კანდიდატს. პროცესის დასრულების შემდეგ მონაცემები საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. სალომე ზურაბიშვილს განსახილველად 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს. თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება. 

დღის ამბები