პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს უსმენს. ამჯერად დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს რევაზ ნადარაია პასუხობს. შეხვედრას ოპოზიციის უმრავლესობა არ ესწრება.
თუმცა სხდომას ესწრებიან "მოქალაქეებისა" და "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები. ალეკო ელისაშვილმა რევაზ ნადარაიას მწვავე კითხვებით მიმართა.
"სასამართლოს რატომ არ ენდობა ხალხი?! თქვენ ვერ გაბედეთ გეთქვათ, რომ ადეიშვილი აკონტროლებდა სასამართლოს. მაშინ ემორჩილებოდით ადეიშვილს, დღეს ვერ ბედავთ, რომ თქვათ.
სტრასბურგის სასამართლომ რომ თქვა მურუსიძესთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე საქმეში კონვენციური მუხლებია დარღვეული, ეს ამბავი ნორმალურია?! ასეთი კაცი, რომ იბრალებს სასამართლოს ლიდერი ვარო, ეს თქვენთვის პრობლემა არ არის?!" - მიმართა ელისაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.
თავის მხრივ ნადირაძემ დეპუტატებს უპასუხა, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია.
"პირიქით, ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან ერთად ვსაქმიანობ და მასთან მაქვს ურთიერთობა.
სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს. დღეს რომ სასამართლო დამოუკიდებელია, ასეთი დამოუკიდებელი ადრე არ იყო," - უპასუხა ნადირაძემ.
ნადარაისათან გასაუბრების შემდეგ დეპუტატები კიდევ სამ კანდიდატს შეხვდებიან.