16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა გრძელდება - ოპოზიცია პროცესს შარლ მიშელის შეთახნმების დარღვევად აფასებს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გრძელდება. მმართველი გუნდი გასაუბრების ბოლომდე მიყვანას აპირებს და ამტკიცებს, რომ ამას  მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

პოზიციას არ ცვლიან ოპოზიციაში, ისინი კვლავ ბოიკოტს უცხადებენ პროცესს და ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

"არ ითხოვენ ხელისუფლებისგან განმარტებებს, რატომ ატარებს ის არალეგიტიმურ გასაუბრებებს, მაშინ, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებით აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროცესი შეჩერდებოდა, გატარდებოდა სასამართლოში რეფორმები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული დანიშვნების შესახებ. ამიტომ, ოპოზიციამ კი არ უნდა განმარტოს რაიმე, ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, რატომ ატარებს პროცესს მაშინ, როდესაც ამით არღვევს მის მიერვე დადებულ პირობას 19 აპრილის შეთანხმებით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

მმართველ გუნდში კი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ინკლუზიურს და გამჭვირვალეს  უწოდებენ. 

"ჩვენ დაგვრჩა სამ კანდიდატთან ინტერვიუ, ამ კვირაში დავასრულებთ ამ პროცესს და ამის შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ ვის შეიძლება გაუწიოს კომიტეტმა რეკომენდაცია. ოპოზიციური ჯგუფების არჩევანი, რომ არ მიიღონ პროცესში მონაწილეობა, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება და პირდაპირ არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები