ცოტა ხნის წინ პარლამენტში ვითარება ისევ დაიძაბა. ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილს, რომელიც სხდომათა დარბაზში რჩებოდა, უსაფრთხოების სამსახურმა ტერიტორია დაატოვებინა.
რიგგარეშე სხდომა, რომელიც დილით უნდა დაწყებულიყო, ახლახან განახლდა. სხდომის დაგვიანების მიზეზი იყო ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი პიკეტირებული ჰქონდათ. ისინი არ აძლევდნენ მმართველი ძალის წარმომადგენლებს სხდომის დაწყების საშუალებას, თუმცა 3 საათის შემდეგ, პარლამენტის უსაფრთხოების სპეციალურმა სამსახურმა სხდომის განახლების შესაძლებლობა მისცა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, მათი თქმით, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
"ახლა იძალადა დეპუტატებზე. ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილმა. ძალადობრივად რა თქმა უნდა გამოგვათრიეს ჩვენც დარბაზიდან. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება," - განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და რამდენიმე ვერსიას განიხილავს თუ როგორ უნდა მოხდეს, მათი თქმით, იმ კრიზისის განმუხტვა, რომელიც შექმნილი არის ქვეყანაში.
"ლელომ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ უნდა დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის საკითხის და პროცედურის დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ 50-მა დეპუტატმა ხელი უნდა მოაწეროს ამ წინადადებას და შეთავაზებას, ამის შემდეგ კი უკვე უნდა წარადგინონ ტექნიკური და გარდამავალი მთავრობა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან და მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად.
"ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, უნდა იქნას დამტკიცებული ტექნიკური მთავრობა, სადაც ოპოზიციაც იქნება გაერთიანებული, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. ამ ქვეყანას ჩვენ დავკარგავთ ასეთი მდგომარეობით," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარლამენტში მიმდინარე მოვლენები სრულიად მოუღებელია პარტია "საქართველოსთვის".
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს.
"პრემიერი არ გადადგება, ამის საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.