5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება. "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია მხოლოდ იმ კენჭისყრებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას შეეხება. ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილი ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებთანაც ექნებათ ამ საკითხზე კონსულტაციები.
დეპუტატები დაესწრებიან ასევე სხდომას, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი მივა.
"ჯერ არ მორჩა შესვლა-არშესვლის საკითხი და ახლა, გასვლა-არგასვლის საკითხია გადასაწყვეტი. რას ნიშნავს და ვინ როგორც მოიაზრებს ბოიკოტს, მგონია ამას ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვენს კოლეგებს დაჟინებით მოვუწოდოთ, რომ როდესაც დრო ექნებათ, ყველა სხდომაზე შემოგვიერთდნენ,"- აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
მმართველ გუნდში კი, ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას დესტრუქციას უწოდებენ. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია დესტრუქციული რეჟიმიდან ვერ გამოდის.
"ხანდახან ბრაზდებიან და ამბობენ, რომ აღარ დავესწრებით პარლამენტის სხდომებსო, მერე ამბობენ, რომ აქ კარგი თემები იხილება და ამ შემთხვევაში დავესწრებითო. ამიტომ, ეს არის ჩამოუყალიბებელი ოპოზიციის საქციელი," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.