ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მოუსმენენ. კენჭისყრა პირველ ეტაპზე კომიტეტზე, მოგვიანებით უკვე სესიაზე შედგება.
ცესკოს მოქმედ თანამშრომლებს გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანს ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორი უნდობლობას უცხადებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ, კანდიდატურები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე იქნა წარმოდგენილი, თამარ ჟვანიას გაუარესებული ვერსიაა - უფრო მორჩილი და დამოკიდებული "ქართული ოცნების".
ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძის განცხადებით, მათ პარტიის მხარდაჭერა არ ექნებათ.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესს დაესწრება.
"შეთანხმების ნაწილი ითვალისწინებდა იმას, რომ ყველას ბუნებრივად ესმოდა, რომ უმრავლესობა ნიშნავს ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ოპოზიცია, რომ არ დარჩენილიყო ხმის გარეშე, შეთანხმება არის, რომ ოპოზიცია დანიშნავს მოადგილეს.
ის, რომ კანდიდატი იქნება "ქართული ოცნების" - ამას მე მგონი ყველა ჩვეულებრივ შეგუებული უნდა ვყოფილიყავით. როგორი კანდიდატები არიან მე ფიზიკურად არ ვიცნობ, შესაბამისად აზრს ვერ გამოვთქვამ, პრობლემა არ მაქვს, რომ განხილვას დავესწრო," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე ამბობს, ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან ეს მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხია.
"ეს არის მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხი, ჩვენ ვალდებულებაც გვაქვს ამაში მივიღოთ მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არჩევანი არ დაგვიტოვა თავმჯდომარის ნაწილში, მაგრამ ბევრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს წევრების არჩევასთან. არის იქ რამდენიმე გვარი, რომელსაც ჩვენ შესაძლოა ნდობა გამოვუცხადოთ," – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება კანდიდატების კომპეტენცია და საარჩევნო ადმინისტრირების თვალსაზრისით მიღებული გამოცდილება.
"განსაკუთრებით იქნება საინტერესო, თუ როგორ ხედავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლისთვის იყოს თანაბარი პირობები უზრუნველყოფილი საარჩევნო პროცესებში," - განაცხადა რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, თუ ვინ იქნებიან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები.
"იმის მიხედვით, თუ ვინ მოაგროვებს ხმებს, იცით, რომ არის ჯერ 100 ხმა, შემდეგ 90, შემდგომ 76 და ამის შემდგომ უკვე გადაწყდება, თუ ვინ იქნება ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს 3 ვაკანტურ ადგილზე საერთო ჯამში 6 პირი წარუდგინა, აქედან ორს ცესკოს თავმჯდომარეობის პრეტენზია აქვს.