ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის საელჩო შინაგან საქმეთა მინისტრს წერილით მიმართავს. დიპლომატები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ რომ ეს ფაქტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს, ისევე როგორც საგაქრთველოს იმიჯს.
"ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნავდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს" ნათქვამია განცხადებაში - წერილის ასლები, რომლის მთავარი ადრესატი ვახტანგ გომელაურია, გაეგზავნა პრემიერ–მინისტრს, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც.
"ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.
ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნავდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები.
ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.
ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის,"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო
ბელგიის სამეფოს საელჩო
ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო
დანიის სამეფოს საელჩო
ესპანეთის სამეფოს საელჩო
ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო
ირლანდიის საელჩოს
იტალიის რესპუბლიკის საელჩო
ლატვიის რესპუბლიკის საელჩო
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო
ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო
პორტუგალიის საელჩო
რუმინეთის საელჩო
საბერძნეთის საელჩო
საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო
სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო
სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო
უნგრეთის საელჩო
ფინეთის საელჩო
შვედეთის სამეფოს საელჩო
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო