საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კვირას პარლამენტში ელოდებიან. ოპოზიცია პირობას დებს, რომ ვახტანგ გომელაურს მწვავე კითხვებით დახვდება.
"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მთავარი კითხვა არის ის, თუ რატომ რჩება ვახტანგ გომელაური ისევ თანამდებობაზე იმ ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, რაც თბილისში განვითარდა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ ვერ შეასრულა მისი მთავარი ფუნქცია და რატომ ვერ უზრუნველყო ქალაქში წესრიგი.
პარლამენტში მოსვლის წინ ფონის შექმნას უწოდებს ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების სახლებში დღეს განხორციელებულ ჩხრეკვებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ჩხრეკა საჭირო არაა, რადგან კადრებში ჩანს ყველაფერი რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა დაგეგმეს და მოიმოქმედეს.
"ორგანიზატორები და შემსრულებლები ამ საშინელი დანაშაულისა და ჟურნალისტის მკვლელობისა უნდა დაისაჯონ სასწრაფოდ, ხოლო ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი,"- აცხადებს რომან გოცირიძე.
ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს მმართველი პარტიის წევრი ნინო წილოსანი, მისი თქმით, არ არსებობს არანაირი დასაბუთება იმისა, რომ შსს-მ განზრახ ან მოვალეობის არშესრულებით გამოიწვია 5 ივლისის მძიმე შედეგები. ნინო წილოსანი მოელის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შენიშვნებზე და კითხვებზე ობიექტური დასაბუთება ექნება.