უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში იმართება, ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს მსგავსი სიტუაცია აქვთ. უკრაინის ლიდერის თქმით, სწორედ ასეთ სიტუაციაშია მნიშვნელოვანი სწორი არჩევანის გაკეთება.
"ჩემი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ასეთ შემთხვევებში კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ ევროპის სასარგებლოდ.