16 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
უზენაესი სასამართლო გადატვირთულია, ზოგიერთ მოსამართლეს 200-მდე საქმე აქვს - რა მიზეზს ასახელებენ "ოცნებაში" მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ

"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" შარლ მიშელის შეთანხმება არ დაურღვევია მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი არ შეაჩერა.

მისი აზრით, შარლ მიშელის დოკუმენტის იმ კონკრეტულ მუხლს, სადაც სასამართლო რეფორმაზეა საუბარი, სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

"რაც შეეხება ჩვენი მხრიდან პირობების შესრულებას, მათ შორის, მოსამართლეებთან დაკავშირებით, აქაც ყველაფერი ძალიან ცხადია - ყველა პუნქტი პირნათლადაა შესრულებული "ქართული ოცნების" მხრიდან, ერთადერთი, ეს არის მოსამართლეების საკითხი, რომელზეც არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა.

ვფიქრობ, ამ გაუგებრობის მიზეზია სამართლებრივი ინტერპრეტაციები, ასევე, დღეს შარლ მიშელმა თქვა სიტყვა "სწრაფად", რაც მანიშნებელია იმისა, რომ შეიძლება საკითხი თავის შინაარსში იმდენად არ იყოს პრობლემური, რამდენადაც მისი მიღების სისწრაფეში.

"ქართულ ოცნებას" არ დაურღვევია არც კონსტიტუცია და სამართალი, არც შარლ მიშელის შეთანხმება და, ასევე, გავითვალისწინეთ ის, რომ უზენაესი სასამართლო გადატვირთულია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს სწრაფად გაკეთდა, არის ის, რომ უზენაესი სასამართლო არის გადატვირთული. რამდენადაც მე ვიცი, ზოგიერთ მოსამართლეს 200-მდე საქმე აქვს განსახილველი. ამის თაობაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი იყო, ახლაც არის და მომავალშიც გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მივალთ ამ დოკუმენტის ამ ერთი კონკრეტული მუხლის ერთიან ინტერპრეტაციამდე,"-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. 

დღის ამბები