"ასოცირებული ტრიოს" მიერ ბათუმის სამიტის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიმართა.
"მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი," - ასეთი იყო შარლ მიშელის განაცხადი სამი ქვეყნის პრეზიდენტებისადმი პეტრას ციხეზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს.
"მინდა, ევროკავშირის მხარდაჭერა გამოვხატო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ქვეყნებისადმი. დეკემბერში ჩვენ გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ვფიქრობ, არის გარკვეული პრიორიტეტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ სამიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს სამიტი კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ყველა ჩვენი მოქალაქის სასარგებლოდ.
პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ.
მეორე – კავშირი უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
მესამე - საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად," - განაცხადა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებმა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს. მხარეები თანხმდებიან როგორი იქნება ნაბიჯები ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.