სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეერთებული შტატების მხრიდან ღია მხარდაჭერა იკვეთება. მათი შეფასებით, დოკუმენტით ასევე დასტურდება, რომ მმართველი გუნდი რეფორმების ნაწილში სწორი მიმართულებით მუშაობდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით გუნდი მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.
"ინსტიტუტები და რეფორმები, რომელთა გატარებაც ჩვენ ვუზრუნველვყავით თავისთავად იცავს საინვესტიციო გარემოს და სწორედ ამიტომ ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და მხარდაჭერა გახლავთ ამერიკის მთავრობის მხრიდან.
რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ გამოთქმულ კრიტიკას იმ ნაწილში, სადაც საუბარი არის საქმეების განხილვის ვადებზე, რომ საქმეების განხილვას სჭირდება შედარებით ხანგრძლივი ვადები. აქედან გამოსავალი ზუსტად გახლავთ ის რეფორმების შემდეგი ტალღა, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ერთ-ერთი გამოსავალი ამისი გახლავთ ის, რომ სასამართლოში ყველა დონეზე საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები იყვნენ გამწესებულნი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.