"ბორდერიზაცია", კიბერშეტევები, რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია პროდასავლური კურსის წინააღმდეგ - ეს არის საფრთხეთა ნაწილი რომელიც თავდაცვის სამინისტოს შეფასებით უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე იდგება.
საფრთხეებთან ერთად დღეს მინისტრმა წარმოადგინა უწყების ათ წლიანი სამოქმედო გეგმა. რეფორმებისა და ქვეყნის წინაზე არსებულ გამოწვევებზე ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისის ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთი და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული მეთოდებით ბრძოლა
მინისტრმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება საქართველოს თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.
თავდაცვის სამინისტროს გეგმით ძირითადი აქცენტი კეთდება თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უნარი.
"ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს - ცენტრალიზებული დაგეგმვა და დეცენტრალიზებული აღსრულება; ამოცანით მართვის მიდგომა; მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა; ბრძოლის კონვენციური და არაკონვენციური მეთოდების სინქრონიზება. სწორედ მსგავსი მიდგომები გახლავთ თანამედროვე ინოვაციური ბრძოლის წარმოების კონცეფციის უმთავრესი ფუნდამენტი,"- განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრიც,, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება, რომ შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ამასთან ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო რომ იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს და ქართულ ჯარს ემსახურებოდა.