16 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ცესკოს ჩავარდნილი კანდიდატურები - "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობაზე პრეტენზიას ნიადაგს უქმნის

ჟურნალისტების პროტესტის ფონზე გახსნილ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პირები ვერ დაამტკიცეს. ოპოზიცია როგორც თავმჯდომარის, ასევე ცესკოს წევრობის კანდიდატებს უნდობლობას უცხადებს. პარლამენტში საკითხი მეორედ ჩავარდა, საკითხი დღის წესრიგში კიდევ ორჯერ დადგება.

"ის რასაც ლაპარაკობს დასავლეთი, არის მგლის თავზე სახარების წაკითხვა, "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს უფრო მეტი დემოკრატია და საარჩევნო პროცესის უფრო მეტი ნდობა," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, კანდიდატებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება იმის გამო, რომ ისინი პრინციპულობის, კეთილსინდისიერებისა და ობიექტურობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

"გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა, რომ ამ არჩევნებისთვის ჰყავდეს თავისი 6 თვიანი კანდიდატურა. შესაბამისად შედეგებზეც პასუხისმგებლობა "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს.

განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქმედებები განპირობებულია იმით, რომ მათ წინასწარ იციან მარცხის შესახებ და არჩევნების ლეგიტიმურობაზე პრეტენზიას ნიადაგს უქმნიან:

"უკვე გამოიკვეთა იმის ნიშნები რას აპირებენ ჩვენი ოპონენტები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. დარწმუნებულები არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ არჩევნები იდეალურადაც რომ ჩატარდეს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, კანდიდატურებთან ოპოზიციას რეალური პრეტენზიები არ აქვთ და დემაგოგიურად არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანდიდატურების შერჩევაში ამოქმედდება ე.წ დაბლოკვის მექანიზმი, რომელიც კანდიდატურების 76 ხმით არჩევას ითვალისწინებს.  გურამ მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნული მექანიზმის ჩადება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებით მოხდა. მაჭარაშვილის შეფასებით, დანიელსონმა როგორც ჩანს კარგად შეისწავლა ნაციონალური მოძრაობის ბუნება და მოსალოდნელი ქმედებები გათვალა.

დღის ამბები