რა გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს შესახებ - სასამართლოს ნაწილში არსებულ გამოწვევებზე, რომ სამუშაო გასაგრძელებელია ამას მმართველ გუნდში აღიარებენ, თუმცა ხაზგასმით აცხადებენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პროგრესს, რომელშიც საუბარია სამთავრობო პროგრამის ხელშეწყობაზე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ასევე ამბობენ, რომ დოკუმენტი ადასტურებს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იმასაც, რომ საქართველოში სტაბილური ეკონომიკა.
"მეტად სასიხარულოა, რომ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ჩვენს პროგრამებს, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, მათ შორის ისეთ პროგრამებს, რომელშიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო არის ჩართული, ეს არის პროგრამა "აწარმოე საქართველოში". ხაზი გაესვა ანგარიშში იმ რეფორმებს, რაზეც ჩვენ ვახორციელებთ, მათ შორის წიაღისეული სექტორის რეფორმას და ახალ პროგრამას "ასი წიაღისეული", რომელსაც ჩვენ ელექტრონული აუქციონებით ვთავაზობთ ინვესტორებს," – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ანგარიშში მკაფიოდ არის ასახული საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რაც დავით ზალკალიანის თქმით, ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას.
"საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას და ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო რეიტინგებშიც,"- აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ინვესტორებისთვის საშიშ სიგნალად მოიხსენიებენ ოპოზიციაში.
ენმ-ს წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, იქ, სადაც არ არის სასამართლო და დავების ობიექტურად გადაჭრის შესაძლებლობა, არც ერთი ინვესტორი არ შემოვა.
"საქართველოში არის ელიტური კორუფცია - იპარავენ მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები, ბიუჯეტი იძარცვება, პროექტებს ისინი ღებულობენ, - "ეს ქვეყანა არის საშიში" - დაახლოებით ეს გვესმის ამ მოხსენებაში,"- ამბობს გოცირიძე.
იგივე პოზიციაზეა პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრიც. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სანამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ დალაგდება, მანამდე საქართველოში ბიზნესის კეთება მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ კლანებს შეეძლება.