20 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ე.წ. სტარტოვკის ტარება აიკრძალა - რა ცვლილებები შევიდა კანონში

მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზეზი კრიმინალურ წრეებში აკუსტიკური იარაღის სხვადასხვა მიზნით გამოყენების სიხშირე გახდა. 

"ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კრიმინალურ წრეებში უფრო და უფრო პოპულარული გახდა აკუსტიკური იარაღის გამოყენება სხვადასხვა მიზნით, მისი დაბალი ფასის, იოლი ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო. აღნიშნულს ადასტურებს 112-ში შესული არაერთი შეტყობინება, კერძოდ: 2019 წლის განმავლობაში მსგავსი იარაღიდან გასროლის შესახებ 360 შეტყობინება განხორციელდა, 2020 წელს - 500 შეტყობინება, 2021 წლის განმავლობაში უკვე - 150-ზე მეტი შეტყობინება.

საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის რეგულაციებს. სწორედ, ევროკავშირის დირექტივის თანახმად, აკუსტიკური იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებში, ისტორიული რეკონსტრუქციაში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ცვლილებების თანახმად აიკრძალა აკუსტიკური იარაღის ტარება და შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულ მდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვის ვალდებულება.

მოცემული რეგულაციების დარღვევისთვის პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონი ძალაში 29 ივლისს შევა. 

დღის ამბები