USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც საქართველოს საკუთარი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაში დახმარებას გაუწევს, ოფიციალურად გაიხსნა. პროგრამის მთავარი მიზანი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ოჯახების, ბიზნესისა და საჯარო დაწესებულებებს მდგრად ხელმისაწვდომობას ენერგიაზე, იცავს ქვეყანას მავნე ზეგავლენისგან და ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა 5-წლიანი პროექტია და მისი ბიუჯეტი 15,7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
"მთავარი ამოცანა ჩვენი რეფორმების, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის, რაშიც ჩვენ დაგვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები, არის ჩვენი ენერგეტიკული სექტორი გავხადოთ სრულად დამოუკიდებელი, ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე და ძლიერი. ამისთვის აუცილებელია, ჩვენი საკუთარი განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარება, ეს არის ჰიდროსადგურები, ეს არის ქარის სადგურები, მზის სადგურები და სხვა ახალი ტექნოლოგიებიც შემოდის განახლებადი ენერგიის," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი - "ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი გახდეს უფრო გამჭირვალე და კონკურენტური. მნიშვნელოვანია, შემცირდეს მისი დამოკიდებულება რუსეთზე, ამას დაეხმარება ეს პროგრამა. შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ამ პროგრამას ახორციელებს. ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი."