საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა. როგორც ნედ პრაისი ტვიტერზე წერს, შეთანხმებიდან "ოცნების" გასვლა ძირს უთხრის საქართველოს წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას და ქმნის პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების რისკს.
"19 აპრილის შეთანხმებიდან "ქართული ოცნების" პარტიის გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების რისკს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის," - წერს პრესსპიკერი ნედ პრაისი ტვიტერზე.
ცნობისთვის, გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, რადგან მასზე ამ დრომდე არ იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა.