ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან არაფორმალურ შეხვედრებს მართავს. შეხვედრის თემა "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადებაა.
ბოლო შეხვედრა ვიოლა ფონ კრამონს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრებთან ჰქონდა.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დასავლეთისგან შეთანხმების აღსრულებისთვის ბერკეტების გამოყენებას მოითხოვს.
"მოვითხოვთ შეთანხმების გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას - კატეგორიულად მოვითხოვ და არა უბრალოდ მოვითხოვ. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ძალიან ცოტა ხანში თქვენ ნახავთ ამის საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, რადგან, ჩემი აზრით, ეს იყო არასწორი განცხადება. ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ შეთანხმებასთან მიმართებაში"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.