16 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა

ფრაქცია "ძალა ერთობაშია" ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ახლა მთლიანად ჩაერთვებიან საარჩევნო პროცესში. პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა თამარ კორძაიამ და მანდატზე უარი თქვა ნიკა მელიამ.

“ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობა-ძალა ერთობაშია, გადადის სრულ ბოიკოტზე. აღარ ვაგრძელებთ ამ ეტაპზე პარლამენტში საქმიანობას და ეს იქნება სრული პოლიტიკური ბოიკოტი. მთავარი ამოცანა არის თვითმმართველობის არჩევნები. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და საქართველოს მოსახლეობას დავუბრუნოთ,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დაგეგმილ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

"ელჩებთან გვაქვს კომუნიკაცია, ერთი მიმართულება ეს არის. მეორე მიმართულება არის კომუნიკაცია და კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მესამე, ჩვენ, რაც არ უნდა მოხდეს, ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ ეს ვადამდელი არჩევნები, უნდა ეს "ქართულ ოცნებას" თუ არ უნდა, მაინც გახდება რეფერენდუმი და მაინც გახდება საბაბი ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის,“ - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ოპოზიციის მხრიდან სრული მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს იმისათვის, რომ "ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე დამაჯერებლად დაამარცხონ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. აცხადებენ, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის და გეგმავენ მაქსიმალურად გამოიყენონ დეპუტატების მანდატები. 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით,  ოპოზიცია ახლა სრულად უნდა შედიოდეს პარლამენტში და იყენებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა უფლებამოსილებას, იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მარტო დარჩენის საშუალება არ მიეცეს.

 

 

დღის ამბები