"ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირების შემდეგ განსხვავებული გზები აირჩია ოპოზიციამ. ნაწილი პარლამენეტში რჩება და ამბობს, რომ დეპუტატების მანდატების გამოყენება მნიშვნელოვანია, ნაწილი კი საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს.
გახარიას გუნდის წევრის ანა ბუჩუკურის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი არათანმიმდევრულობით გამოირჩევა, საკუთარ პარტიაზე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის სხვა ნაწილისგან განსხვავებით ისინი თანმიმდევრულად და მშვიდად მიუყვებიან გეგმებს.
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა გამოიყენებს ყველა ბერკეტს "ქართული ოცნების" დასამარცხებლად, როგორც თვითმმართველობის, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე.
გრიგოლ გეგელია "ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ურჩევს:
"დღეს ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაასუსტოს შარლ მიშელის პროცესი," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის გეგმები მათ დღის წესრიგს ვერ შეცვლის. დავით სერგეენკოს თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის შემდეგ ის ვერ იხსენებს ამ ოპოზიციური პარტიის მხრიდან საგნობრივ დისკუსიას და ოპოზიციურ პარტიის არაკონსტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი და ფუნქცია ვერ იპოვა, ამის მიზეზად კი ღუდუშაური ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლობის აუღებლობას ასახელებს:
"თუ სადმე ოპოზიცია კომფორტულად გრძნობს თავს, ეს არის შოუების და საცირკო წარმოდგენების მოწყობა," - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.