"ლელო" არჩევნებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს, პარტია რჩება პარლამენტშიც, თუმცა საკუთარი პირობით. ფრაქცია ამბობს, რომ თუ "ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს და ვადამდელს არ დანიშნავს, ისინი მანდატებს დატოვებენ.
პარლამენტის დატოვების იდეას არ განიხილავს არც "სტრატეგია აღმაშენებელი", თუმცა გიორგი ვაშაძის გუნდს ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ გაუსაჯაროვებია. დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი გეგმების შესახებ უკვე ისაუბრეს.
"გირჩში" ფიქრობენ, რომ ოპოზიციას მომავლის გეგმა არ აქვს. ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო ძალას ვერ იყენებენ.
მმართველი გუნდი ოპონენტებს საპარლამენტო კულტურას უწუნებს, "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის პოლიტიკურმა შეცდომებმა ისინი მიშელის დოკუმენტის ანულირებამდე მიიყვანა. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე აცხადებენ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ვეღარ განაპირობებს. ის, რაც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო, ახლა სახელისუფლებო პარტიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მმართველ გუნდს აქვს დამატებითი პირობაც - თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია წინასაარჩევნოდ.