ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების 10 წლიანი გეგმა წარადგინა. მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა. 10 წლიანი გეგმის წარდგენას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს გმირული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პოლიციელობა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა.
როგორც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სტრუქტურული განვითარების 10 წლიანი სტრატეგიული ხედვა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია.
"რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდა თითოეულ ჩვენგანს, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის პირის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.
სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია," – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.