გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მხარდამჭერ განცხადებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ფარგლებში, საქართველოში პოლიტიკური მხარეების შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს მხარდაჭერა რეალური და უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.
"სრულიად სერიოზული და წონადი სახელმწიფო მთელს მსოფლიოში სწორედ იმ აზრზე არის, რაც ამ რეზოლუციაშია მოცემული. ეს მხარდამჭერი აქტი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური მხარდაჭერა,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ საერთაშირისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას საქართველოს სადარაჯოზე.
"ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ჩვენი საკითხი ყოველდღიურად განიხილება საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლეს ფორმატში. საერთაშორისო თანამეგობრობა ადასტურებს, რომ ის მტკიცედ დგას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე,"- აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
რუსეთის აგრესიიდან მე-13 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ყველა ასპექტი, ნიუ-იორკში დახურულ სხდომაზე განიხილეს, სადაც საქართველოს პარტნიორებმა ოკუპირებული რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ბორდერიზაცია, გატაცებები, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ყველა ის დანაშაულები გაიხსენეს, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე საქართველო მიმართ ახორციელებს.
რეგიონებიდან განახლებული ინფორმაცია, მსმენელებს ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ გააცნო.
სხდომის დასრულების შემდგომ კი სპეციალური მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა.