თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა. პრეზენტაციაზე მან საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი წარადგინა.
კალაძის თქმით, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია.
"მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბს და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ენერგიული და გამორჩეული წევრი გიორგი ამილახვარი, რომელსაც განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია, რომელთან ერთადაც, საარჩევნო კამპანიას ისე წავმართავთ, რომ ჩვენი გამარჯვებით, არამხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არა მხოლოდ მე, როგორც ერთმა კანდიდატმა, არამედ თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ
მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს – ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს, სადაც ქალაქელობა ნიშნავს – გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე; სადაც კარგად იციან გულწრფელობის და ერთგულების ფასი,"- განაცხადა კალაძემ.